ბევრ კომპანიაში შეკვეთის მიღება მარტივი და გამართული პროცესია: გაყიდვების არხი მუშაობს, შეკვეთა დროულად და სწორად ფიქსირდება, კლიენტიც მომენტალურად იღებს დასტურს, თუმცა რეალური ოპერაციული სირთულე სწორედ შემდეგ იწყება. პროცესი შეკვეთის მიღებიდან მის მიწოდებამდე რამდენიმე საკვანძო ეტაპს მოიცავს და თუ რომელიმე მათგანი არ არის სათანადოდ ორგანიზებული, საბოლოოდ, ვერ მიეწოდება მომხმარებელს დაგეგმილ ვადაში, ირღვევა სიზუსტე და საბოლოოდ, დამკვეთი ნეგატიურ გამოცდილებას იღებს.
პრობლემა ხშირად პასუხისმგებლობის გადანაწილებით იწყება. თუ შეკვეთა შემოვიდა, მაგრამ არ არის ნათლად განსაზღვრული, ვინ იწყებს მის შესრულებას, რა არის შემდეგი ნაბიჯი და რა ვადაში უნდა დასრულდეს ის, პროცესი იწელება. ასეთ დროს თანამშრომლები ერთმანეთთან აზუსტებენ ინფორმაციას, რეკავენ, წერენ შეტყობინებებს და სამუშაო საათები, რეალური საქმის ნაცვლად, მხოლოდ კოორდინაციაში იხარჯება. ამას ემატება ისიც, რომ შეკვეთები ხშირად დიდი რაოდენობით და განსხვავებული პრიორიტეტით შეიძლება იქმნებოდეს. მსგავს სიტუაციაში მოქცევის წესების არარსებობისას, შეკვეთების მომზადება კიდევ უფრო ქაოტური ხდება.
კიდევ ერთი სირთულე მარაგების სიზუსტეა. ხშირად პროგრამაში ჩანს, რომ პროდუქტი არის ნაშთზე, მაგრამ როდესაც შეკვეთის აგროვება იწყება, აღმოჩნდება, რომ ის ანვკონკრეტულ ადგილზე არ დევს, სხვა ლოკაციაზეა გადატანილი, რაოდენობა არ ემთხვევა ან თუნდაც სტატუსია შეცვლილი. თანამშრომლები იწყებენ ძებნას, რაც დროის რესურთან არის დაკავშირებული, ეს კი პირდაპირ მოქმედებს შეკვეთის შესრულების სიჩქარეზე და შეცდომების რისკზეც.
თუ შეკვეთის შესრულება დამოკიდებულია სპონტანურობაზე, ქაოსში გამორკვევაზე და “გამართლებაზეც”, შედეგი ხშირად არაერთგვაროვანია, ოპერაციული ეკოსისტემა კი არასტაბილური. სწორედ ამის გამო რთულდება მართვა და პროგნოზირება.
ასეთ სისტემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის შეცდომების პრევენცია. თუ შეკვეთის შემოწმება ხდება მხოლოდ პროცესის ბოლოს, გამოსწორება კიდევ უფრო მეტად რთულდება. მიწოდებაზე არასწორი დასახელებით ან რაოდენობით გასული პროდუქტის უკან დაბრუნება დამატებით ტრანსპორტირების ხარჯთან და მომხარებელთან არასასიამოვნო კომუნიკაციასთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფერს დრო და რესურსი მიაქვს და რაც ყველაზე ცუდია, მომხარებლის დღის წესრიგს პრობლემას უქმნის.
ეს და სხვა მრავალი პრობლემა თავს სწორედ მაშინ იჩენს, როცა გაყიდვები იზრდება. სანამ შეკვეთები ცოტაა, კომპანიები ახერხებენ პროცესების ხელით მართვას. მაგრამ შეკვეთების, პროდუქტების და ლოკაციების ზრდასთან ერთად, ეს მიდგომა აღარ არის ეფექტური. სწორედ ასეთ დროს იჩენს თავს ტექნოლოგიის საჭიროება, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ პროცესი იყოს დალაგებული და არა ადამიანების მახსოვრობაზე და “გამართლებაზე” დამოკიდებული.
ამ გამოწვევების გადასაჭრელად WMS (Warehouse Management System) ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ინსტრუმენტია. WMS არის საწყობის მართვის სისტემა, რომელიც არამხოლოდ აღრიცხვას ამარტივებს, არამედ საწყობის ოპერაციებს ნაბიჯებად და წესებად ალაგებს. სისტემა აკონტროლებს, როგორ ხდება საქონლის მიღება, ლოკაციებზე განაწილება, შეკვეთის მომზადება და ინვენტარიზაციის გატარება.
WMS-ის მთავარი იდეაა, რომ საწყობში თითოეულ მოქმედებას ჰქონდეს მკაფიო ლოგიკა და შესრულების შესახებ ჩანაწერი. მიღებისას ფიქსირდება რა შემოვიდა, რა რაოდენობით, სტატუსით და საჭიროების შემთხვევაში რომელი პარტიითა და ვადით. სისტემა თანამშრომლებს ეხმარება განთავსებაში, იმისთვის რომ პროდუქტი სწორ ლოკაციაზე მოხვდეს და მომავალში ადვილად მოიძებნოს. შეკვეთის შესრულებისას WMS თანამშრომლებისთვის ქმნის დავალებებს, აძლევს მათ აგროვების სწორ თანმიმდევრობას და ამცირებს ხელით გადამოწმების საჭიროებას. შეფუთვის და გადაცემის ეტაპზე სისტემა ხელს უწყობს შემოწმებას, შედეგად აგროვებული შეკვეთა ზუსტად ემთხვევა იმას, რაც რეალურად გაიყიდა.
WMS უზრუნველყოფს მართვის და ანალიტიკის პროცესის გამარტივებასაც. მენეჯერს შეუძლია დაინახოს საწყობის მიმდინარე დატვირთვა, რამდენი შეკვეთაა დამუშავების პროცესში, სად არის შეფერხება და რა რესურსი სჭირდება გუნდს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც დგება დატვირთული სეზონი და შეკვეთების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ასეთ დროს სისტემა უზრუნველყოფს პროცესის სტაბილურობას, რათა არ დაზიანდეს მომსახურების ხარისხი და ვადები.
საბოლოოდ, „შეკვეთიდან კარამდე“ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის პროგნოზირებადობაა. როცა თითოეული ეტაპი დალაგებულია და ზედმიწევნით ზუსტად კონტროლდება, კომპანია უკეთ ასრულებს მიწოდების ვადებს, უშვებს ნაკლებ შეცდომას და უფრო მარტივად იზრდება. WMS ამ პროცესს ასტრუქტურირებს, მატებს სიზუსტეს და კონტროლს, რაც თავისთავად ბიზნესს აძლევს ინსტრუმენტს, იმისთვის რომ შეკვეთების ზრდა მართვად პროცესად გადააქციოს.