ლოგისტიკის სექტორის ტრანსფორმაცია: სად ქმნის ფინანსური ანალიზი და მოდელირება რეალურ ღირებულებას


Published: 


თანამედროვე ლოგისტიკის გარემოში, სადაც კონკურენცია იზრდება და ბაზრის მოთხოვნები ცვალებადია, ფინანსური ანალიზი და მოდელირება ხდება ის მექანიზმი, რომელიც ბიზნესს რეალურ სურათს აჩვენებს. ლოგისტიკური ოპერაციების ეფექტიანობა, დამატებითი სერვისების დანერგვა, ინფრასტრუქტურის განვითარება ან ახალი ლოკაციის შერჩევა - ყველა ეს ასპექტი ითხოვს ზუსტ და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს. ინტუიციასა და წინა გამოცდილებაზე დაყრდნობა უკვე აღარ მუშაობს: კომპანიებს სჭირდებათ გააზრებული პროგნოზი, რათა უზრუნველყონ ბიზნესის მდგრადობა და მომგებიანობა.

ფინანსური ანალიზი და მოდელირება კომპანიას საშუალებას აძლევს შეაფასოს, რომელი სერვისი ქმნის ყველაზე დიდ ღირებულებას, სად არის მეტ/ნაკლები რისკი და რომელი ინვესტიცია გამოიღებს რეალურ შედეგს. მაგალითად, როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, დამატებითი ღირებულების შემქმნელი სერვისების დანერგვა, საშუალოდ 25%-35%-ით ზრდის შემოსავალს თითოეული კლიენტისგან. ეს კი ცხადყოფს, რომ სწორად გათვლილი მოდელი პირდაპირ აისახება მოგებაზე. ანალიზი აჩვენებს თუ რაზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა, რამდენად მომგებიანია შეკვეთების შეკრება და კომპლექტაციის სერვისი,  რევერსული ლოგისტიკა ან გადაფუთვის სერვისები და რა მოცულობით ღირს მათი ინტეგრირება კონკრეტულ ოპერაციაში.

ფინანსური მოდელირება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას წინასწარ დაინახოს სცენარები თუ როგორ იმოქმედებს ახალი სერვისი შემოსავალსა და ხარჯებზე, რა ოდენობის ტვირთის მომსახურება იქნება საჭირო მომგებიანობის მისაღწევად, როგორ შეიძლება შეიცვალოს მარჟა სეზონურობის ან ბაზრის ცვლილებების პირობებში. ამ ანალიზის გარეშე კომპანიები ხშირად ან გადაჭარბებულ ინვესტიციას აკეთებენ, ან კარგავენ შესაძლებლობებს, რომლებიც კონკურენტისთვის უპირატესობად იქცევა. 

ლოგისტიკურ სექტორში წარმატება მხოლოდ ოპერაციულ ეფექტიანობაზე აღარ არის დამოკიდებული. ბიზნესები, რომლებიც ფინანსურ ანალიზსა და მოდელირებას აერთიანებენ ბაზრის კვლევასთან, დაგეგმვასთან, ოპერაციულ შეფასებასთან და სტრატეგიულ ხედვასთან, იღებენ ბევრად უფრო ზუსტ გადაწყვეტილებებს და იციან თუ სად უნდა განავითარონ ინფრასტრუქტურა, რა სერვისები უნდა დაამატონ, როგორი ფასები და ტარიფები იქნება კონკურენტული და როგორ უნდა შეინარჩუნონ სტაბილური მოგება გრძელვადიან პერსპექტივაში. 

ფინანსური ანალიზი და მოდელირება ბიზნესს აცნობს არა მხოლოდ რიცხვებს, არამედ მიმართულებას, სწორედ ამიტომ, დღეს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არის ყველაზე ძლიერი, მასშტაბირებადი და სტრატეგიულად გამართული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის უმთავრესი საფუძველი.


დავით ფაღავა

დავით ფაღავა

მენეჯერი, ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულება
View Bio