ტრანსფერ ფრაისინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შეტყობინება სავალდებულო გახდა

ტრანსფერ ფრაისინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შეტყობინება სავალდებულო გახდა


მიმდინარე წლის 25 თებერვალს საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში შევიდა ცვლილება. ცვლილების მიხედვით, კომპანიებს დაეკისრათ ვალდებულება, დეკლარირების გზით ყოველწლიურად წარადგინონ ინფორმაცია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებით. 


ეს ეხება ისეთ ოპერაციებს, რომლებიც ხორციელდება არარეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ ან ოფშორული ქვეყნის რეზიდენტ პირებთან, მაგალითად:  საქონლის ან მომსახურების მიწოდება ან შეძენა, სესხის გაცემა ან მიღება, როიალტის გადახდა და სხვა მსგავსი ოპერაციები.

ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ იმ კომპანიებზე, რომელთა მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული ასეთი ოპერაციების ჯამური მოცულობა 500,000 ლარს აღემატება. ოპერაციების მოცულობაში გათვალისწინებულია როგორც ანაზღაურებადი, ისე უსასყიდლოდ განხორციელებული ოპერაციების საბაზრო ღირებულება, ასევე არსებული დებიტორული ან კრედიტორული დავალიანება.

დეკლარაციაში უნდა აისახოს შემდეგი ინფორმაცია: 

  • ურთიერთდამოკიდებული პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და რეზიდენტობის ქვეყანა 
  • ურთიერთდამოკიდებულების ფორმა 
  • განხორციელებული ოპერაციის სახე, მოცულობა და დაწყების თარიღი 
  • კრედიტორული ან დებიტორული დავალიანების ნაშთი 
  • აქვს თუ არა კომპანიას ტრანსფერ ფრაისინგის შესაბამისი დოკუმენტაცია.

მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელით დაბეგრილი კომპანიები აღნიშნულ ინფორმაციას შეავსებენ მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში, სადაც აისახება წინა კალენდარული წლის მონაცემები. სხვა კომპანიები კი ინფორმაციას წარადგენენ წლიური მოგების გადასახადის დეკლარაციაში. აღნიშნული ვალდებულება ვრცელდება 2025 წლიდან დაწყებულ საანგარიშო პერიოდებზე.

ამასთან, დეკლარაციაში უნდა აღინიშნოს, აქვს თუ არა კომპანიას მომზადებული ტრანსფერ ფრაისინგის დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დოკუმენტაციის მომზადების ვალდებულება კომპანიებს აქამდეც ჰქონდათ და შემოსავლების სამსახური აქტიურად ახორციელებს კონტროლს ამ მიმართულებით.


ქეთევან აბუსერიძე

ქეთევან აბუსერიძე

პარტნიორი, საგადასახადო მიმართულება
View Bio
დავით აბესაძე

დავით აბესაძე

მენეჯერი, ტრანსფერ ფრაისინგი, საგადასახადო მიმართულება
View Bio